„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, შიმშილობის 48-ე დღეს აქტივისტი თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება.
„მას ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. ამ დროს მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია.
როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს. თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.