მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი და აქცია

04 მარტი 2025, 19:53 188 ნახვა

დაახლოებით 3 საათზე მეტი მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. ამ ეტაპზე გამოცხადებულია შესვენება და სათათბირო ოთახში არის გასული მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი.
სასამართლო სხდომაზე წერილობითი განცხადება გაავრცელა თავად მზია ამაღლობელმა, მისი თქმით თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც მზია ამაღლობელი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა.
ბრალდების მხარის განცხადებით, დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის თანახმად ირკვევა რომ, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ 1 და 12 იანვრის ჩათვლით კონკრეტული აპლიკაციებიდან ინფორმაციის ამოღებაც მოითხოვა. დაცვის მხარე შუამდგომლობას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების მოთხოვნა არ დაერთოს საქმეს.
ადვოკატის თქმით, სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავს და მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება უნდა შეწყდეს. მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით განხილვაზე დასაშვებობის საკითხი. ასევე, სხდომაზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობაზე.
ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში