ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

03 მარტი 2025, 16:36 103 ნახვა

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ლატვიამ განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა საქართველოს 16 მოქალაქეს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა.

„მე დავამატე საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის არასასურველ პირთა სიაში, ავუკრძალე მათ ქვეყანაში შემოსვლა განუსაზღვრელი დროით. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად“, - დაწერა მან.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ასევე ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც. განცხადებაში არ არის მითითებული, რა იყო პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზები და კონკრეტულად ვინ მოხვდა სიაში.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუვამ საქართველოს 74 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.

„ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი აფართოებენ იმ პირთა სიას, რომლებსაც აკრძალული აქვთ მათ ტერიტორიაზე შესვლა. ლიეტუვის ეროვნულ შავ სიაში საქართველოს კიდევ 74 თანამდებობის პირი მოხვდა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევებზე, ასევე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებზე. ლიეტუვის მიერ ახლად სანქცირებულ პირთა შორის არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე საქართველოს მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციის თანამდებობის პირები, მათ შორის – ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიმცემნი და მისი უკანონო დაკავების ხელშემწყობნი. პროტესტის ნიშნად, თანამდებობის პირთა არასათანადო მოპყრობის გამო მ. ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა, მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ხალხის მიმართ, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია, პროტესტს გამოთქვამს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სისტემური ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გამოაცხადეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება და ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს პროტესტის მონაწილეების, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ძალაში შევიდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის თანახმადაც, ესტონეთმა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა 55 ქართველ პროკურორს, მოსამართლეს, პოლიციელს, პარლამენტის წევრს და სხვა პირებს.

„ჩვენ შესვლის აკრძალვის სიას დავამატეთ კიდევ 55 ქართველი. სიაში შედიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის თანამდებობის პირები და კომისრები, პლატფორმის შემქმნელები და პარლამენტის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების დევნაზე სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩამოთვლილმა ქართველმა პირებმა, ან მონაწილეობა მიიღეს ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა მიუღებელია, დანაშაულებრივია და ადამიანის უფლებების დარღვევაა“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ესტონეთში შესვლის აკრძალვა სულ 83 ქართველ პირს დაუწესდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ პირების სია, რომლებზეც ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ვრცელდება. მოსამართლეები (ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან კოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურთანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებუაძე, ეკა ბარბაქაძე); პროკურორები (ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ (ნუკრი) ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე); პოლიციის ოფიცრები (გიორგი ჭარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე), აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსი (გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი), ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი (გოჩა ვანაძე); საქართველოს პარლამენტის წევრები (ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია); მედიაპლატფორმასა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პირები (კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე).

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში