კონფლიქტი ოვალურ კაბინეტში - გამოხმაურებები

01 მარტი 2025, 14:47 130 ნახვა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარმა მწვავე კონფლიქტმა მძაფრი რეაქციები გამოიწვია მსოფლიოს გარშემო, ტრამპი და ზელენსკი განიხილავდნენ შეთანხმებას რომ აშშ-ბს წვდომა მინიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე, საბოლოოდ ვითარება ისე დაიძაბა, რომ ვერც შეთანხმება შედგა და პრესკონფერენციაც ჩაიშალა.

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი თითქმის ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა მას შემდეგ რაც აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბარი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოუწერელი დარჩა. ორი ქვეყნის ლიდერს შორის წარმართული საუბარი, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, მალევე გახდა დღის მთავარი თემა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა თუ გაერთიანების ლიდერებმაც განცხადებები გაავრცელეს.

უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს.
საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი კი წერს, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. აქვე დაამატა, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ. 
ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერთა სიაშია პოლონეთის პრემიერი, ასევე გერმანიის მომავალი კანცლერი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა რომ დგას უკრაინის გვერდით კარგ და რთულ დროს.
რუსეთი რომ აგრესორია და უკრაინა იცავს როგორც საკუთარი ქვეყნის ასევე ევროპის თავისუფლებას ამას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
უკრაინას და მის პრეზიდენტს მხარდამჭერები ჰყავს ამერიკის სენატშიც. ბუნებრივია,  ისმის საპირისპირო განცხადებებიც. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის უშედეგოდ დასრულებული საუბრის შემდეგ ამ ყველაფერს დიმიტრი მედვედევმა ზელენსკის სასტიკი თრევა უწოდა.
ტრამპი შეაქო, რადგან ზელენსკის სიმართლე სახეში უთხრა, რომ კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. "ძლიერი ხალხი ქმნის მშვიდობას, სუსტი ხალხი ქმნის ომს." - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოვალურ კაბინეტში მომხდარ ფაქტს და ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა.
თუ როგორ შეიკავეს ტრამმა და ჯეი დი ვენსმა თავი რომ ზელენსკის მუშტი არ დაარტყეს, აინტერესებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას, რომელმაც ტელეგრამზე დაწერა რომ შტატების უმაღლესმა პირებმა თავშეკავების სასწაული მაგალითი აჩვენეს.
შესაძლოა აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ამის შესახებ აქტიურად იწერება უცხოურ მედიაში. ვაშინგტონ პოსტი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხი ოვალურ კაბინეტში განვითარებული მოვლენების ფონზე განიხილება.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ უკვე დატოვა და ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც უკრაინის საკითხზე ლიდერების სამიტი გაიმართება.  მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა. „ის უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ინარჩუნებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დამყარებული ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, - ნათქვამია პრეს-სპიკერის განცხადებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი