რუსულ პროპაგანდას რა მიზნები აქვს, არ ვიცი, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილები, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოში აქციების მონაწილეებს 120 ევროს გადაუხდიან.
„აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებია, მარტივი ტყუილებია. არ ვფიქრობ, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. თქვენს უფრო ფართო შეკითხვაზე, რაც რუსეთის ჰიბრიდულ ომს ეხება, როგორც ყველამ ვიცით, ბოლო სამი წელია რუსეთი ძალიან დაკავებულია, უკრაინის სასტიკი განადგურებით, ქალაქების დაბომბვით და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვით, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ეწევა ჰიბრიდულ ქმედებებს ყველგან – ცენტრალურ აფრიკაში, სირიაში, ასევე მოლდოვაში, საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენს ქვეყნებშიც. არ ვიცი რა მიზნები აქვს რუსულ პროპაგანდას, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილები, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია არის ძალიან რთული და ქართველები აქედან გამოსავალს იპოვიან.
„დღეს შევხვდით ბევრ ადამიანს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც შორს არიან პოლიტიკისგან და მე შეძრული ვიყავი, ბევრი მათგანის გამოხატული სოლიდარობით ჩემს მიმართ. ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ როდესაც ნახა ტელევიზორში ჩემზე თავდასხმები, ეს მის ოჯახის წევრზე თავდასხმად მიიღო, მე ძალიან მადლიერი ვარ ასეთი მხარდაჭერით და სოლიდარობით. საქართველოში სიტუაცია არის ძალიან რთული და იმედი მაქვს, ქართველები აქედან გამოსავალს იპოვიან და ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია, რაზეც 27 წევრი სახელმწიფო თანხმდება და სწორედ ამას ვაკეთებ აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე განცადებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზეა.
ჰერჩინსკის თქმით, რეფორმები არ ხორციელდება და გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
„ჩემი როლი არ არის სხვების განცხადებებზე კომენტირება. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი არის ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც ვაკეთებდი ჩემი ჩამოსვლის პირველი დღიდან და ეს არის ის, რასაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მსურს, შევაქო ხელისუფლება რეფორმებისთვის. მსურს ვთქვა პოზიტიური რამ საქართველოში განვითარების შესახებ, მაგრამ საქმე როდესაც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზე ვიმყოფებით. მაღალი დონის ვიზიტები არ არის. ჩვენ შევაჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობისთვის. შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და მხარდაჭერას მთავრობის დახმარებიდან გადავამისამართებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, რომლებსაც, სხვათა შორის, სულ უფრო რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.
ჩემი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის საზოგადოებისთვის წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაშია ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. როგორც ევროკავშირის ელჩს, რა თქმა უნდა, მსურს, სხვა მდგომარეობაში ვიყოთ. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, ვითარება ამჟამად უკიდურესად რთულია. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის დეკემბერში გავუღეთ კარი საქართველოს, იმ პირობით, რომ რეფორმები განხორციელდება. როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმეტესობა არ ხორციელდება. პირიქით, გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს არ აახლოებს ევროკავშირთან, არამედ კიდევ უფრო აშორებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ მუდმივი დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის საქართველოში იმ ინდივიდებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
ჰერჩინსკის თქმით, ამჟამად ერთსულოვნება მიღწეული არ არის.
"მიმდინარეობს მუდმივი დისკუსია ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის საქართველოში იმ პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამჟამად არ არის ერთსულოვნება, მაგრამ მუშაობა გრძელდება და იმედი მაქვს, ერთსულოვნება მიღწეული იქნება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკიმ ისაუბრა, ყოველწლიურად რა თანხებს ხარჯავდა ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაში.
„მინდა, გითხრათ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვხარჯავდით 85 -100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაში. დიდი ნაწილი გადაეცემოდა პირდაპირ საქართველოს მთავრობას, დაახლოებით 50% მიდიოდა სახელმწიფოს ბიუჯეტში, დიდი ნაწილი ეძლეოდა აღმასრულებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობდნენ. მხოლოდ პატარა ნაწილი ეძლეოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიაწარმომადგენლებს. ჩვენ, საქართველოს მთავრობის რეაქციებით და ქმედებების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, შეგვწყვიტა საქართველოს მთავრობის დაფინანსება და ეს თანხა გადანაწილდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში, ბევრი სხვადასხვაა პროექტია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.