თოვლმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. დარჩენილია მაღალი ზონის რამდენიმე სოფელი, სადაც შესვლა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. რეგიონში გზის გაწმენდითი სამუშაოები, მთავრობის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს, შტაბის სხდომაზე რეგიონში დამატებითი სპეცტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღეს.
აღინიშნა, რომ გზების გაწმენდისთანავე დაიწყება ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები იმ აბონენტებისთვის, რომლებსაც ამ ეტაპზე დიდთოვლობის გამო კომუნალური სერვისები არ მიეწოდებათ. ყველაზე მეტი აბონენტი გათიშულია სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებში.
ვანის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგია 6 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. პროცესში აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის ძალები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.