ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლები ყურადღება  დავუთმოთ ოპონენტების განცხადებებს - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2025, 11:40 121 ნახვა

ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას თუ რატომ ავრცელებენ ოპონენტები დეზინფორმაციას და სპეკულირებენ   სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად.

„ეს  მათი ხასიათია უბრალოდ, დაკვეთაა როგორც ჩანს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ მათ განცხადებებს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გვარამიას და რასა იუკნევიჩიენეს არ აქვთ არავითარი რესურსი, ცარიელ განცხადებებს აკეთებენ.

„გვარამია და რასა იუკნევიჩიენე ერთად რა რესურსის მატარებლები არიან, კარგად მოგეხსენებათ. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, ეს არის ცარიელი განცხადებები, ასეთ განცხადებებს ვისმენთ უკვე მრავალი წელია. შეუძლიათ, აკეთონ  განცხადებები. ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, გამოძიებული უნდა იყოს, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს შსს-ს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის.

„კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა. მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა მაგალითად იგივე წყლის ჭავლის, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა ბევრად უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა ეს ყველაფერი და ამას სჭირდება გამოძიება. უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებით, პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში ითხოვს ფაქტებს, ითხოვს მტკიცებულებებს, თუმცა ნული ფაქტი, ნული მტკიცებულება, ეს ყველაფერზე მეტყველებს.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი