დიდთოვლობის შედეგად პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებულების დახმარების პროცესში მაშველები და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები აქტიურად არიან ჩართული, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურიაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
„საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დეტალური ანგარიში მოვისმინე განხორციელებულ სამუშაოებზე და შტაბის წევრებისგან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მივიღე ინფორმაცია.
დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები აქტიურად არიან ჩართულნი, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს.
სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ლოკაციაზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები.
მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებს, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს ამ რთულ ვითარებაში გაწეული სამუშაოსთვის.
დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.