საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, განხორციელებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დიდთოვლობის გამო სოფელი შრომა მოწყვეტილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. საავტომობილო გზის ერთ-ერთ კრიტიკულ მონაკვეთზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია. გზის გაწმენდის შედეგად შესაძლებელი გახდა ელექტრომომარაგების აღდგენისთვის საჭირო სამუშაოების დაწყება, რომელიც უახლოეს საათებში დასრულდება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა გაიწმინდოს ყველა დასახლებასთან მისასვლელი გზა, აღდგეს კომუნიკაცია და ელექტროენერგიის მიწოდება.
„მაქსიმალურად, სადაც საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში.