ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წელს, 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები, იუნკრები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. დღეს სწორედ ამ გმირ ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუნკრების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ყოველ წელს 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს სიამაყის დღე.
„თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო, გმირ იუნკრებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.