პოლიტიკური შეფასებების თემაა გერმანიის ელჩის განცხადება. პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის 1 მილიარდ 800 მილიონიან დახმარებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას მოხმარდება.
"საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი "გაანადგუროს“. როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ“, – წერს ფიშერი.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოლდოვა თანხას არა დახმარების სახით, არამედ სესხად იღებს, რის შესახებაც ელჩი არაფერს ამბობს.
მმართველ გუნდში გერმანიის ელჩის განცხადება წმინდა წყლის მანიპულაციად შეფასდა, რაც საქართველოსი საპროტესტო მუხტის წამოწევას ემსახურება.
რაც შეეხება ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს თანხა არის დახმარება და არა სესხი და აღნიშნული დახმარების პირობებში თანხის უკან დაბრუნებაზე საუბარი არ არის.