12 თებერვალს გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო გიგი უგულავას მიმართ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. როგორც უგულავამ დღეს გამართულ სხდომაზე განმარტა, მას გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია და ადგილზე არც მარშით მისულა. მისივე განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ უკვე ცნობილია და არ აპირებს ჯარიმის გადახდას.
ოქმის შემდგენი მხარე ოპოზიციონერი დეპუტატის სამართალდამრღვევად ცნობას და ჯარიმას ითხოვს. გიგი უგულავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 იანვარს დააკავეს.
ოქმის შემდგენი მხარის განმარტებით, უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.