სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (4.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.2 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (1.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (1.4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.8 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-4.2 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.