ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს.
საია შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ითხოვს სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას.
"თემურ ქათამაძეს, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. იგი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და მე-18 დღეა შიმშილობს. მთელი ეს პერიოდი, ის მხოლოდ წყალს იღებს. თემურ ქათამაძე სამტრედიის და თბილისის საქალაქო/რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.
თემურ ქათამაძის შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც განთავსების ცენტრი, ისე, სახალხო დამცველის აპარატი. მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.
ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს, 15:00 სააათზე განიხილავს, რომლებითაც გასაჩივრებულია აღნიშნული პირის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება"- ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.