აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ასობით მილიარდი დოლარის ოდენობით ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. მოსამართლემ გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა.
სარჩელში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსების დროებითი გაყინვა კანონის დარღვევას წარმოადგენს. ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის გეგმა, მინიმუმ, ორშაბათამდე შეჩერდება.
ფედერალური დაფინანსება მანამდე გაიყინებოდა, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია გადახედავდა ყველა გრანტსა და სესხს და დაადგენდა, შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის პრიორიტეტებს.
თეთრი სახლის განმარტებით, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული დროებითი პაუზა არ შეეხებოდა სასურსათო ტალონებსა და სოციალურ დახმარებებს.