ბაიდენმა ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა

09 იანვარი 2025, 10:19 134 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიის მთელ შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და ფედერალური დახმარების შესახებ განკარგულება გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძრის, სულ მცირე, ექვსი კერა მძვინვარებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი 0%-ითაა ლოკალიზებული.

ხანძარი გავრცელდა „ჰოლივუდ ჰილსში“, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც ცნობილი ადამიანების საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.

იტონში ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა. ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. დამატებით 37 000 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი პალისადების ხანძრის გამო. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი.

ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. ხანძარს სულ მცირე ორი ადამიანი უკვე ემსხვერპლა, ხოლო 70 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში