არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს

23 დეკემბერი 2024, 16:05 71 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს.

ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პატიმრობაში მყოფი არაერთი ბრალდებული საუბრობს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ზეწოლაზე, ასევე სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რის გამოც მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.

„არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვაკვირდებით იმ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებას, რომლებზეც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ მიმდინარეობს. გამოვლენილ ტენდენციებსა და მიგნებებზე რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

დაპატიმრებული პირები:

საჯარო წყაროებით გავრცელებულ და ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულებს შორის 10-მდე სტუდენტია. დაკავებულთა შორის არიან ასევე, ექიმი, ჟურნალისტი, მსახიობები, აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. მოგვიანებით, 2 პირი, ალეკო ელისაშვილი და ერთი არასრულწლოვანი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ამის პარალალურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში  აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაკავება და დაკავების შემდგომი პერიოდი:

საპროტესტო აქციის მონაწილეები და მათი ადვოკატები საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს არაერთ დარღვევაზე საუბრობენ. მათ შორის, მიუთითებენ  უკანონო პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის ფაქტებზე, დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.

დაკავებულთა ნაწილი დაკავების შემდგომ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშისწორებაზე საუბრობს (მაგალითად, საბა სხვიტარიძის, რევაზ კიკნაძის, ნიკა კაციას, ალეკო ელისაშვილისა  და სხვების საქმეები).

სისხლის სამართლის მუხლები:

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება), 353 პრიმა (პოლიციელებზე თავდასხმა), 18-229-ე (აფეთქების მომზადება), 156-ე (დევნა), 260-ე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობა) მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშული მუხლები სასჯელად თავისუფლების აღკვეთას (4-დან 6 წლამდე, 7-დან 11 წლამდე, 8-დან 20-წლამდე), ხოლო ნაწილი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ აქციის ორი მონაწილე დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ ფლობის ბრალდებით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ აქციიდან მომავალს პოლიციამ მოწმეთა დასწრებისა და ვიდეოჩაწერის გარეშე უკანონოდ ჩაუტარა ჩხრეკა და ჩაუდო ნარკოტული საშუალება. ხოლო მეორე დაკავებული მიუთითებს როგორც ნარკოტიკების ჩადებაზე, ასევე, დაკავების შემდგომ ღირსების შემლახველ მოპყრობასა და ზეწოლაზე.

სასამართლო განხილვებზე გამოვლენილი ტენდენციები:

აქციის მოანწილეთა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემდეგი არსებითი დარღვევები:

ბრალდების დადგენილებები – პროკურატურის მიერ ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალი, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც პროკურატურა ბრალდებულებს ედავება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებს, არის შაბლონური და იდენტური. კერძოდ, არ არის გამოკვეთილი თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური როლი დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ამგვარი მტკიცებულებები;

დარღვევები საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას – პროკურატურის მიერ აქციის მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენის საფუძვლად გამოყენებული მტკიცებულებების ნაწილი არ არის მოპოვებული კანონიერად ან/და მათი მოპოვების კანონიერება და უტყუარობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ: ა) რიგ შემთხვევებში დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ადგილი და დრო არ შეესაბამება რეალობას; ბ) რიგ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია გადაუდებელი აუცილებლობით ან/და ღამით, მაშინ როცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა; გ) რიგ შემთხვევაში დარღვეულია დაკავების ვადები – ბრალდებულთა ნაწილი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებისთანავე, იზოლატორის ეზოში;

აქციის ყველა მონაწილის მიმართ პატიმრობის მოთხოვნა – აქციის მონაწილე ყველა ბრალდებულის მიმართ, პროკურატურამ სასამართლოს წინაშე მოითხოვა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება. (მაშინ, როდესაც ე.წ. “ტიტუშკების” მიმართ პროკურატურამ გირაო მოითხოვა). პროკურატურა არ ასაბუთებს, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება (მაგალითად, გირაო ან პირადი თავდებობა) აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას;

პროკურორების შუამდგომლობების დაუსაბუთებლობა – საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაში პროკურატურის მიერ სასამართლოში, პატიმრობის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობები არ აკმაყოფილებს არც მტკიცებულებით სტანდარტს და არც პატიმრობის შეფარდების დასაბუთებას შეიცავს. შუამდგომლობები ძირითადად შაბლონურია. შუამდგომლობებში აბსტრაქტულად არის მითითებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშზე, მიმალვის საფრთხეზე, მოწმეებზე ზეგავლენის რისკებზე, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები, რაც ამ საფრთხეების რეალურობას დაადასტურებს. კერძოდ, არ არის მითითებული შუამდგომლობებში და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს რომ ბრალდებულები მიიმალებიან, ან როგორ მოახდენენ აქციის მონაწილეები ზემოქმედებას მოწმეებზე, რომლებიც ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან ან როგორ გაანადგურებენ აქციის მონაწილეები ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებების გამგებლობაშია;

სასამართლოს მიერ ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილება – ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი დაუსაბუთებელი შუამდგომლობების მიუხედავად, სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა ყველა მათგანი და აქციის ყველა მონაწილეს შეუფარდა პატიმრობა. სასამართლომ პატიმრობის შეფარდებისას გამოიყენა მტკიცებულებები, რომელთა ნაწილი უკანონოდაა მოპოვებული, ხოლო ნაწილის მოპოვების კანონიერება და უტყუარობა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პატიმრობის შეფარდება მოხდა იმ ბრალდებულთა მიმართაც, რომლებიც სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ დაკავებისას და პოლიციის განყოფილებებში სამართალდამცავთა მიერ მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ;

მოსამართლეთა გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა – სასამართლომ ხდომებზე მოსამართლეები გამოტანილი გადაწყვეტილებების ზეპირსიტყვიერი დასაბუთების დროს ფაქტობრივად იმეორებდნენ ბრალდების მხარის პოზიციას. მოსამართლეები, პროკურორების მსგავსად, არ უთითებენ კონკრეტულ გარემოებებზე, რამ განაპირობა ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდება და რატომ არ იყო შესაძლებელი ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება დაკავებულების მიმართ;

მოსამართლეთა მიკერძოება ბრალდების მხარისადმი – ცალკეულ შემთხვევებში, მოსამართლეები, მათ მიერ დასმული შეკითხვებითა და ბრალდებისა და დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებებისადმი განსხვავებული მიდგომებით, სასამართლო სხდომებზე აშკარად ავლენდნენ ბრალდების მხარისაკენ მიკერძოებას. მოსამართლეები, როგორც წესი, არ რეაგირებდნენ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოპოვების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, თუმცა განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან მიმართებით;

სხდომების საჯაროობის პრინციპის დარღვევა – ბრალდებულთა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომების დიდი ნაწილი ჩატარდა მცირე ზომის დარბაზებში, მაშინ როდესაც სხდომების მიმართ არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი, მათზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იყო მაღალი და იყო ასეთი სხდომების დიდ დარბაზებში ჩატარების შესაძლებლობა (სხდომების დროს თავისუფალი იყო დიდი ზომის დარბაზი). აღნიშნული არღვევს პროცესის საჯაროობის პრინციპს, ვინაიდან დაინტერესებულ პირებს შეუზღუდათ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა (მაგ. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის და სხვათა მიმართ არსებულ საქმეზე პროცესი ჩატარდა მცირე ზომის დარბაზში, მაშინ როცა დასწრების მსურველი იყო ბევრი).

საქმეების განმხილველი მოსამართლეები:

წარმოგიდგენთ მოსამართლეების სიას, ვინც მიკერძოებული მიდგომებით განიხილავენ აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებს: თამარ მჭედლიშვილი; ირაკლი ხუსკივაძე; ლელა მარიდაშვილი; დავით მგელიაშვილი; ნანა შამათავა; დავით კურტანიძე; ლევან ყოლბაია.

მოთხოვნა: არსებული პრაქტიკა ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლო ახორციელებს არასამართლიან და ობიექტურ, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ვინაიდან პატიმრობაში მყოფი არაერთი ბრალდებული პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე (წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა) და ზეწოლაზე საუბრობს; ვინაიდან პატიმრობაში მყოფ არაერთ ბრალდებულზე მიმდინარეობს ზეწოლა, მისცენ გამოძიებას ყალბი ჩვენება; ვინაიდან დაპატიმრებულების მიმართ ჩხრეკა და ამოღება საპროცესო გარანტიების დარღვევით ჩატარდა; ვინაიდან სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და იგი მთლიანად ემორჩილება პროკურატურის დღის წესრიგს: მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში