გრიპის ვირუსის გავრცელება გასულ კვირებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვირუსებზე ჩატარებული კვლევების 25% გრიპის ვირუსს უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ამ ეტაპზე დომინანტი ვირუსი. მედიკოსი განმარტავს, რომ ახლა ქვეყანაში ცირკულირებს A და B ტიპის ვირუსები, თუმცა დაფიქსირებულ 25%-ში ყველაზე ხშირად ღორის გრიპი გამოვლინდა.
ივანე ჩხაიძის თქმით, მონაცემები მზარდია, ხოლო ვირუსის გავრცელების პიკი დეკემბრის ბოლოსა და იანვარშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება პრევენციისთვის შემოტანილ ვაქცინას, იმუნიზაციის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ მოქალაქეთა აქტივობა დაბალია. ვაქცინის 200 000 დოზიდან მხოლოდ 130 000 დაიხარჯა, რაც არასაკმარისია.