ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე და ასეთი ფაქტები მხოლოდ დამატებით დასტურია იმისა, რომ ასეთი პერფორმანსები თავიდან ბოლომდე პარტიულად მართულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია.
„ეს არ არის ახალი ხილი. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული „მაიდნის“ და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები, რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარე ძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მისცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია, რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა მოიტანოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს.
„შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, თავდასხმები, რასაც ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, სასოწარკვეთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჭიდონ.
პრემიერის შეფასებით, ასეთი პიარი რუსეთს არცერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორიც აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან.
„ეს არის პიარკამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია რეალურად აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის შესული ყველგან და ყველაფერში, არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროკავშირშიც შევიდა ღრმად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სასოწარკვეთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჭიდონ. სწორედ ამას უკავშირდება ის თავდასხმა, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განმარტებით, რიგგარეშე არჩევნების არავითარი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, ოთხი წლის წინ ზუსტად იგივე სცენარი განვითარდა, ორი წელი ლაპარაკობდნენ, რომ აუცილებლად შედგებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა როგორც შედგა რიგგარეშე არჩევნები, ყველამ კარგად დაინახა.
რაც შეეხება „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ კანონებს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ კანონებზე დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პრემიერის განცხადებით, „მაიდნის“ მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც „მაიდანი“ და არც რევოლუცია.
პრემიერის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტების გამო უნდოდა ხელისუფლებას თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.
„პირდაპირი ფორმით როდესაც ხდება „მაიდნის“ მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა ჩვენ თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივიღეთ. მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, იყო სწორედ ეს – ვიღაცებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაეფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში და აერიათ ქვეყანა, რაც შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც „მაიდანი“ და არც რევოლუცია“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განხადებით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს.