კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე სახის ნიღბით დაფარვა და პიროტექნიკის გამოყენება იკრძალება დამტკიცდა - პარლამენტმა ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდასაც მხარი დაუჭირა

13 დეკემბერი 2024, 17:00 197 ნახვა

პარლამენტმა ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 82-ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

“ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამო. შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის კი, არსებული ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება.

ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1 000 ლარიან ჯარიმას იწვევს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამართალდარმღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება.

გარდა ამისა, “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის, ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის, ასევე უნიფორმისა და ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ტარებაზე - ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

არასრულწლოვანი პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში, მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლამადე დაჯარიმდება.

დღესვე პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა. აკრძალული ნივთების ჩამონათვალს დაემატა პიროტექნიკა, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალება. მათი გამოყენების შემთხვევაში, აქციის მონაწილე 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში