„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქნება გარკვეული დაზღვევა, რათა მედიის წარმომადგენლებს დაბრკოლებები არ შეექმნათ.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, არსებობს ინიციატივა, რომ ნიღბები მედიის წარმომადგენლებისთვის მაინც იყოს დასაშვები და რა შეფასებას გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით.
„მედიის წარმომადგენლებთანაც ვილაპარაკე კადრს მიღმა. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაზღვევა გვექნება, რათა მედიამ სრულფასოვნად მოახერხოს მუშაობა ისე, რომ ამ მიმართულებით დაბრკოლებები არ შეექმნას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს დემონსტრაციებზე ნიღბების აკრძალვა, რაც პრევენციას ემსახურება, რომ ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს.
„ასე აშინებენ დემონსტრანტებს გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ბელგიაში, დანიაში, საბერძნეთში, ევროპის უმეტეს ქვეყანაშია მსგავსი აკრძალვები, რაც მხოლოდ და მხოლოდ პრევენციას ემსახურება, რომ ძალადობის შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდეს. ამ მიზნიდან გამომდინარე, ქართული კანონპროექტიც შემუშავდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება პიროტექნიკის საკითხს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, როდესაც პოლიციელს და სამართალდამცველს პიროტექნიკას სახეში ესვრიან, კანონი უნდა არსებობდეს.
"კანონი იმისთვის არის და მოქნილი უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, რომ როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს და სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და მძიმე დაზიანებებს იღებენ პოლიციელები, მართალია ამას არავინ არ გმობს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს. სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ვნახეთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელიც და ის ხალხი, რომლებიც თავის სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან. მაგრამ აქ სამშობლოს მსახურებაში არ არის მარტო საქმე. ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხის შემცველი, თურმე აზიანებს, ის დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგვჩვენებია ყველას და თურმე არაფერი არ არის. რეალურად კი ეს ადამიანები შეიძლება წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად, ამას დაცვა სჭირდება. ბუნებრივია, ამ გამოწვევის შესაბამისად პარლამენტიც მიიღებს შესაბამის ნორმას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.