სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა, ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არ არის - მდინარაძე

19 ნოემბერი 2024, 12:15 251 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციაში და ქართულ კანონებში განსაზღვრული ამ შემთხვევაში არ არის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა, ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არ არის. გვითხრან ჯერ რომელ ნორმას გულისხმობენ, თუ ასეთად რომელიმე ნორმას მიიჩნევენ და იმაზეც პასუხს გავცემთ.

 

თუ მისი მიზანია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება, უფლებამოსილების ცნობა, ასეთი ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარკვეული ჩანაწერები, რომლებიც გარკვეულ ინდივიდუალურ საკითხებს შეეხება. სხვა ნორმა, რომელიც ზოგადად პარლამენტის საქმიანობას და უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეაფერხებს, არ არსებობს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში, დამოუკიდებლად ასე არჩევნების შედეგები არ საჩივრდება. საჩივრდება კონსტიტუციის და კანონების მიხედვით ნორმა, ან ნორმატიული შინაარსი და არჩევნები ამ ნორმიდან გამომდინარე და არა ცალკე არჩევნები, ან რაიმე შედეგები.

 

დაველოდებით რა ჩაწერენ, რას მოიფიქრებენ, რეალურს ვერაფერს, წინასწარ გაძლევთ გარანტიას იმიტომ რომ, ისეთი ნორმა რაც მათ მიზნებს დაემთხვევა საქართველოს კანონმდებლობაში და ქართულ კონსტიტუციაში არ არსებობს. მათი თვითმიზანი ხალხის მოტყუებაა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას, რასაც ელოდებოდა საზოგადოება, ნიშნავს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას თუ არა.

„სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას, მეტი სიცხადისათვის, გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ. თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. შესაბამისად შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი