საარჩევნო უბნების 99.65 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,09 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.58% აქვს - ცესკო

27 ოქტომბერი 2024, 10:55 240 ნახვა

ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 54,09 პროცენტი აქვს (1 117 480 ხმა). ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები ამ დროისთვის, ჯამში, 37.58 პროცენტს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა).

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დაგეგმარებისა და ორგანიზების პროცესი ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული.

მისი განმარტებით, ამაზე არაერთი სტატისტიკური მონაცემი მიუთითებს, მათ შორის - ელექტრონული ტექნიკის მუშაობის გამართულობის მაჩვენებელი.

"დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება და არცერთ უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენების კარგ შედეგად ითვლება, თუ საარჩევნო პროცესის დრო, აპარატების 1% გამოვიდა მწყობრიდან. ჩვენ შემთხვევაში კი, ამ რიცხვმა მხოლოდ 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი