საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

26 ოქტომბერი 2024, 20:00 467 ნახვა
 

საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. 

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლებმა ხმა მისცეს 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლები იყო.

საქართველოში მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  პროპორციული წესით არჩეულ 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნებს 111 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში