დღეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები - პრემიერი

26 ოქტომბერი 2024, 08:55 240 ნახვა
 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაკის ოლქში შემავალ ოცდამეშვიდე უბანზე მისცა ხმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება.

„დღეს, კიდევ ერთხელ, უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც, კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.

 

თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ ჩვენ წარსულში, ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას და ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარებას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, ველოდებით 60 პროცენტამდე ხმებს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, აღიარონ ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩვენების შედეგები.

„მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. ოპოზიციას ასევე მოვუწოდებ, როცა დაიდება 60 პროცენტიანი შედეგი შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრა უარი, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში