ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიშით დადასტურდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს - შალვა პაპუაშვილი

16 ოქტომბერი 2024, 13:59 278 ნახვა

გასულ პარასკევს 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.  ანგარიშში დადასტურდა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს. წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, არსებითი დარღვევების გარეშე, ასევე, კონკურენტულ გარემოში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წინასაარჩევნო პროცესი არსებითად თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტების სახე აქვს.

"ეს იყო ის, რაც აისახა ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშში. როგორც ჩანს ამ ანგარიშმა აჩვენა ოპოზიციას, რომ საფრთხე ექმნება არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციისკენ გამიზნულ მათ გეგმას. შედეგად, ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე დაიწყო ოპოზიციის პარტიული მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიცაა საინფორმაციო ხმაურით საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წინასაარჩევნო გარემოზე ყალბი აღქმების შექმნა. მივყვეთ ამ მოცემულობებს:

 

პირველი, აღქმის შექმნა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რომელზეც ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშში რაიმე არსებითი შენიშვნა არ არის. ეუთო-ოდირის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 12 ოქტომბერს, პარტია „ლელოს“ კუთვნილი ტელევიზია „ტვ პირველით“ გავიდა რეპორტაჟი, სადაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მტკიცებულებების გარეშე იყო საუბარი, თითქოს ხდება პერსონალურ მონაცემების თუ პირადობის მოწმობების უკანონო შეგროვება. ამ სიუჟეტზე მითითებით უკვე 14 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ჯგუფმა „ჩემი ხმა“, რომელიც საზოგადოებისთვის ნაცნობ პოლიტიკურად აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, ჩაატარა ბრიფინგი, სადაც გაიმეორა იგივე ბრალდებები ისე, რომ რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო. იგივე ცრუ ნარატივის გამყარება სცადა იმავე დღეს, 14 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც სოციალური მედიით გაავრცელა ცარიელი ბლანკის ფოტო ბრალდებით, თითქოს სკოლის მოსწავლეებს წინასაარჩევნოდ ავალდებულებენ მშობლების შესახებ ინფორმაციის მიტანას, რაც მოგვიანებით დადასტურდა, რომ იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ადამიანი, რომელსაც უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, აღმოჩნდა, რომ განზრახ ავრცელებს.

 

15 ოქტომბერს, ახლა უკვე „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს საკითხი მედიურად კვლავ აქტუალური გახადეს ასევე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადობის მოწმობებზე ყალბი ამბების გავრცელება ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცადი ხერხია. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იმავე არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შეეცადნენ შეექმნათ სკანდალი, რომ თითქოს აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდა.

 

შეგახსენებთ ეკა გიგაურის მაშინდელ სკანდალურ განცხადებას - „ოცნებამ პირადობის  ყალბი მოწმობების ბეჭდვა დაიწყო, რასაც სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს“. ამ ფაქტზე მაშინ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ეს სკანდალი და ტყუილი ამით დასრულდა. ასევე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ანუ ადგილობრივი არჩევნების დღეს ოპოზიცია კერძოდ თამარ კორძაია, ელენე ხოშტარია და სხვები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მედიით ვირუსულად ავრცელებდნენ პირადობის მოწმობების ფოტოებს და ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ყალბი მოწმობები. მოგვიანებით აქაც დადასტურდა რომ ყველა შემთხვევაში საქმე გვქონდა ყალბი ამბის გავრცელებასთან. ასე, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, განსაკუთრებით კი  თავად არჩევნების დღეს, პირადობის მოწმობებთან და პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელება ის ნაცადი ხერხია, რომელსაც ოპოზიცია და მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში პანიკის დათესვით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენას ისახავს მიზნად.

 

მეორე, აღქმის შექმნა მედიის შევიწროების შესახებ, რომელზეც ეუთო/ოდირის დასკვნაში მხოლოდ აღნიშნულია, რომ მედია პოლარიზებულია. რაიმე ფაქტი მედიის შევიწროების შესახებ ანგარიშში აღნიშნული არ არის. აქაც როგორც ჩანს არის ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო სექტორში თუ ორგანიზაციებში განცდა, რომ სჭირდებათ პანიკის შექმნა ამ საკითხის გარშემო და ვნახეთ უკვე კოორდინირებული კამპანია. 15 ოქტომბერს „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც იგივე პოლიტიკურად აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, რომელიც წინა შემთხვევაში იყო „ჩემი არჩევანი“ გაავრცელა განცხადება საპარლამენტო არჩევნების წინ დამოუკიდებელი მედიის უპრეცედენტო გამოწვევების შესახებ. ასეთ გამოწვევად ისინი ასახელებენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახალის“ კუთვნილი ტელევიზიების მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის განუთავსებლობის გამო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და სასამართლოს რეაგირებას. სერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს მიღმა არის ის, რომ ამ განცხადების ავტორებს ვერ მოჰყავთ ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო კლიპის დაბლოკვის დასასაბუთებლად და საფუძვლად ევროკავშირის ელჩის და ევროპარლამენტარების შეფასებებს იღებენ.

 

აქვე უნდა აღინიშნოს რომ, აღმაშფოთებელია, როდესაც ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური დაფინანსებით, რომლებიც ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად პოზიციონირებიდან, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშში აღნიშნონ ის დარღვევა, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხდება, კერძოდ ის, რომ ჩვენ უკვე 5 საათზე მეტი სარეკლამო დრო უკანონოდ დაგვებლოკა, ხელს აფარებენ არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის ფაქტებს. ამის საპირისპიროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ჯგუფი, მოითხოვს პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კლიპებისთვის უფასო დროის დათმობას, ვინაიდან მათი მტკიცებით, საერთაშორისო ძებნაში მყოფი დავით კეზერაშვილის მიერ დაქირავებული ორგანიზაციის, „ედისონ რისერჩის“ კვლევით, ამ პარტიას საკმარისი რეიტინგი აქვს. შეგახსენებთ, რომ ეს ის კვლევაა, რომელსაც ნდობას, ასევე კეზერაშვილის მხრიდან დაფინანსებული „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციაში არავინ უცხადებს.

მესამე გარემოება: ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს აღქმის შექმნა.

საზოგადოება ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამას ადასტურებს ეუთი/ოდირის შუალედური ანგარიშიც. ამ მდგომარეობის შესაცვლელად, ბოლო პერიოდში გახშირდა პროვოკაციები ოპოზიციის მხრიდან, რათა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საპასუხო რეაქციაზე გამოიწვიონ.
თქვენ ნახეთ, რომ 15 ოქტომბერს ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში დააზიანეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი. ბოლო დღეებში, ზოგადად, განსაკუთრებით გახშირდა ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ პლაკატების დაზიანება. ასევე 15 ოქტომბერს, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ ღონისძიების მომზადებისას, პარტია „ახალის“ კუთვნილი ტელევიზია „მთავარის“ ჟურნალისტი, ემა გოგოხია, მიეჭრა სცენის კონსტრუქციის მოწყობაზე მომუშავე პერსონალს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტია, რომ ამ ქმედებების მიზანი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საპასუხო ქმედებებზე პროვოცირებაა, რათა უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, მედიურად დაძაბულად წარმოაჩინონ.

ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ზემოთ მოყვანილი ქმედებები, საბოლოოდ გვიმყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს: მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ, თავის თავში მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას.

2020 წლის გამოცდილებამ, როდესაც ჯერ პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებით, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ისეთ ცრუ ფაქტებს ეყრდნობოდა, როგორიც იყო ცესკოს მიერ შედეგების დაგვიანების გამოცხადება თუ უბნების 8 პროცენტზე დისბალანსი და ა.შ., გვაჩვენა, თუ როგორი საფრთხისშემცველია დემოკრატიულ პროცესებთან უპასუხისმგებლო თამაში"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში