ჩატარდება არჩევნები, დაკომპლექტდება არა ე.წ. ტექნიკური, არამედ ნორმალური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას - პრემიერი

14 ოქტომბერი 2024, 14:00 263 ნახვა

რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი. ასეთ პირობებში ოპოზიციურ-ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი და ა.შ. არის ფარსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.

"ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ  უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, სრულიად სხვა მოცემულობა იქნება საქართველოს მიმართ.

„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი ამოცანაა გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება მეორე ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი