ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

09 ოქტომბერი 2024, 15:15 331 ნახვა
 

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, 73 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.

ევროდეპუტატებმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი შესწორებებით დაამტკიცეს, კერძოდ, რეზოლუციის პროექტის მეექვსე პარაგრაფს, სადაც ეწერა: „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ ქვეყანაში, თავისუფალი კორუფციისგან, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო სურვილით, აღიარებულიყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევები და დემოკრატიული ძალისხმევა, ასევე მოქალაქეთა შორის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ არსებული მოთხოვნა, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, დააბრუნოს საქართველო დემოკრატიული და პროევროპული განვითარების გზაზე“, – დაემატა შემდეგი წინადადება: „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის ძალისხმევას, დაადუმოს საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის პრეცედურის საშუალებით დაუსაბუთებელი საფუძვლით“.

ასევე, რეზოლუციის პროექტის მეშვიდე პარაგრაფს, სადაც ეწერა: „გმობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის „საპატიო თავმჯდომარე“ გახდა, მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციის კიდევ ერთხელ ხელყოფის მცდელობაში რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დააწესონ დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პირადი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – დაემატა შემდეგი წინადადება: „ისევე როგორც სხვა ქმედებებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის“.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი 8 ოქტომბერს წარადგინეს. მოგვიანებით ევროპარლამენტში გაიმართა დებატები, დღეს კი, რეზოლუციის პროექტის განახლებული ვერსია გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში