რეკომენდაციით მივმართავ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედებებისგან - გიორგი კალანდარიშვილი

09 ოქტომბერი 2024, 14:35 319 ნახვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.  ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი, შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნული.

დღეს მინდა, მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკო-მ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის  კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა, რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და, პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას, მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში