გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოვლინდა

01 ოქტომბერი 2024, 10:41 293 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში (24 აგვისტო - 24 სექტემბერი), უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 64 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში; 57 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 28 - შიდა ქართლში, 16 - გურიაში, 14 - მცხეთა-მთიანეთში, 12 - კახეთში, 10 - სამცხე-ჯავახეთში, 9 - ქვემო ქართლში, 2 - აჭარაში, 1 კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც აღკვეთეს.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 200 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 15 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია. ბრაკონიერებმა უკანონოდ 27 ერთეული მწყერი მოინადირეს.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან ერთ თვეში ამოღებულია 198 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი