სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე - კახა კალაძე

28 სექტემბერი 2024, 18:41 207 ნახვა

დღეს სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენი რწმენის და ტრადიციების ხელშეუხებლობა, საქართველოს გამთლიანება, რაც ყველას, თითოეული ქართველის ქართული ოცნებაა, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თელავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მივესალმები მთელ საქართველოს კახეთის ამ უძველესი ქალაქიდან, სადაც მტერს ყოველთვის მტრულად ხვდებოდნენ და მოყვარეს მოყვრულად.

 

კახეთის რეგიონს მუდამ განსაკუთრებული ფუნქცია და მნიშვნელობა გააჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე მრეწველობის, კულტურის, მწიგნობრობის კუთხით.

 

რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა გადაარჩინა ეს მხარე უამრავი შემოსევისგან, აურაცხელი მტრისგან.

 

აქ აღმართულ უდიდეს სალოცავებში დღესაც, პირველ რიგში, საქართველოს კეთილდღეობაზე და მშვიდობაზე ლოცულობს ჩვენი მოსახლეობა, რადგან მშვიდობა არის განვითარების, სტაბილურობის და წინსვლის გარანტი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

 

მეგობრებო, ჩვენი არჩევანი დღესაც ქვეყნის გადარჩენაა და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. დღეს სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენი რწმენის და ტრადიციების ხელშეუხებლობა, საქართველოს გამთლიანება, რაც ყველას, თითოეული ქართველის ქართული ოცნებაა.

 

ეს ბრძოლა არ არის მარტივი, რადგან იგი არ ემყარება არანაირ სამართლიანობას. დღეს თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია, აქვთ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. როდესაც ამ ყველაფერს არ ვეთანხმებით, გვაშანტაჟებენ სანქციებით, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. რეალურად ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნების გლობალური ინტერესებია, რომელსაც ვერ და არ შევწირავთ საქართველოს ინტერესებს. სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესებს!", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც.

"გაუგონარი მასშტაბები მიიღო ზეწოლამ და ძალადობამ “ქართულ ოცნებაზე” და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს- ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კურსს. უცხო ძალების დაფინანსებით წახალისებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს ქვეყანაში.

 

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში. აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

 

ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახან ვიხილეთ- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით, წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა დღევანდელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვერაფერი უშველის, რადიკალიზმი და ბოროტება განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს.

 

ჩვენ კი ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი მეგობრებო და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი- სიმართლე გაგვაჩნია.

 

სიმართლე კი მხოლოდ ერთია- ჩვენ არ ვებრძვით არავის, მზად ვართ მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის, ვინც მეგობრად გვიგულებს. მაგრამ, პირველი და უპირველესი, ყველაზე მთავარი არის ჩვენი სამშობლო, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, განვითარებას, იმ ევროპულ მომავალს, რომლის ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო და არის თავისი ღირებულებებით, თავისი უნიკალური კულტურითა და ისტორიით, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი", - აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბერს, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, არამედ პირველ რიგში ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს!

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ბედი აბარია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოთ ამ ქვეყნის მომავალი და არა გარე ჩარევებით, ვიღაცას მოუნდეს მიიღოს გადაწყვეტილება.

 

26 ოქტომბერს, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, არამედ პირველ რიგში ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს!

 

გავერთიანდეთ ქვეყნის სიყვარულით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რადგან დღეს ჩვენი ბრძოლა სწორედ არჩევნებზე გადის", - განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი