25 სექტემბრის მდგომარეობით, დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული - გივი მიქანაძე

27 სექტემბერი 2024, 14:52 217 ნახვა

25 სექტემბრის მდგომარეობით, დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, 19 სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორებიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“.

"საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ 25 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც გვსურს, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე, თუმცა მოქმედებს მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ.

ინფორმაციისთვის, 27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ პირდაპირ არის დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორებიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო შვიდი მათგანი (14%) არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან. ეს გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ განმარტა, პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად, კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით.

 

 

 

 

 

 

 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში