საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტად დასახელებას გამორიცხავს.
მისივე თქმით, ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს.
"შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს და ა.შ. კაცს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული თარიღი, დრო, გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და შემდეგ მობრუნება მოუწია, რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ. აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, თავის დროზე დაამტკიცა თავისი მოქმედებით, ამ კაცს აინტერესებს თავისი სამშობლო და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით – ამ არჩევნების მნიშვნელობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, ის იყოს სიის პირველი ნომერი.
„ამაში არის რეალობაც, ამაში არის პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, ამაში არის გარკვეული სიმბოლიზმიც, ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია. ეს გამომდინარეობს მნიშვნელობის მინიჭებიდან – ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, და უპირველესად მისი თანხმობით, რომ სიის პირველი ნომერი იყოს. მათ შორის, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, ამ არჩევნების მნიშვნელობას. ქუდი რომ დავიხუროთ, ახლა სახლში დავჯდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლება ვერ მოვიპოვოთ. ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. ჩვენ ამათ, პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით პოლიტიკურ ველზე, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე, ესენი არავინ არიან აქ, მართლა არავინ არიან, განულებულები არიან პოლიტიკურ ასპარეზზე. უბრალოდ, მათ ჰყავთ პატრონები, რომლებიც ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და ეს რაღაც-რაღაცები, მათი განცხადებები და მოქმედებები იქცა ხავსად წყალწაღებულებისთვის. მათ შანსი არა აქვთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა როგორც ბევრი რამ პოზიტიურად და დადებითად გადაწყვიტა, ასევე გვინდა, რომ გადაწყვიტოს. ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია. დიახ, მათ შორის ამიტომ არის სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რათა ავიღოთ მყარი გარანტია ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.