სამწუხაროდ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე, თუმცა შედეგებზე ვერ აისახება - ირაკლი კობახიძე

09 სექტემბერი 2024, 11:50 281 ნახვა

ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია. სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“-ზე  საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კამპანია, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს.

„რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია. შეგიძლიათ იხილოთ მათი საარჩევნო სააგიტაციო მასალები, სადაც ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ.

 

პირველი უხეში დარღვევა არის ის, რომ საარჩევნო კამპანია ფინანსდება უცხოური ფულით. მეორე: საინტერესოა ის, რომ ამ კამპანიაში ჩართულები არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფორმალურად პრეტენზია, რომ უნდა იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და ამ დროს პირდაპირაა ჩართული საარჩევნო აგიტაციაში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. ამ უხეში დარღვევის უცხოური დაფინანსება არის დამატებით საარჩევნო პრინციპების დარღვევა. სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. კარგია ის, რომ ეს უცხოური უპრეცედენტო ჩარევა რაც საარჩევნო პრინციპებს ეწინააღმდეგება ვერ აისახება არჩევნების შედეგებზე“,- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ - ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები.

მისი თქმით, აღნიშნული „პოლიტიკური ძალები“ საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ.

„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ. ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. მაგრამ რეალურად, საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამისათვის მათ პლატფორმებს სთავაზობენ. თუმცა ასეთი აქტები, რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკას და პოლარიზაციას აფინანსებს ფულით, რომელიც ჯერ იშოვა საქართველოში ჯარის, ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით.

„კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მას კანონის დარღვევაც აქვს ამით პირდაპირი ფორმით აღიარებული. მაგალითად, არსად ჩანს, არსად არის დეკლარირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც მას რეალურად აღიარებული აქვს. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის, ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს უკვე ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს კაცი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს გადაწყვეტილებებში, მათ შორის 26 ოქტომბერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი