უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება სარეცხი მანქანის შეძენას, რომელიც, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა - პრემიერი

09 სექტემბერი 2024, 11:25 292 ნახვა

ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არ არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული.

„მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში