ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

27 აგვისტო 2024, 15:10 126 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/

სისტემაში შესასვლელად კი შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმენტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას - 1 600 - მდე აპლიკანტი გააგრძელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში