გიორგი მარგველაშვილი - მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას

07 აპრილი 2017, 00:00 1333 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს მიმართა, პრეზიდენტის განცხადებით მმართველი გუნდი საკუთარ თავში ჩაიკეტა.  

 “გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე?  სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად,ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი.  სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია გადაწყვეტილება, დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა დეპუტატებს საზოგადოების გამთლიანებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდეა.

  "მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე - თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას. რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი