ვის ევალება სკუტერების და კატერების გადაადგილების კონტროლი?

21 აგვისტო 2024, 14:39 671 ნახვა

ტურისტული სეზონის გახსნიდან დღემდე ბათუმის სანაპიროზე  სკუტერებით მოქალაქეების დაშავების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა, სკუტერით გადაჭარბებული გადაადგილების შედეგად 19 წლის ბიჭი დაშავდა, ახალგაზრდა  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, კლინიკაში განმარტავენ რომ დაზარალებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. 

ქირურგი ემზარ დიასამიძე გვიყვება რომ მიმდინარე სეზონზე კლინიკაში მსგავსი სამი შემთხვევა  დაფიქსირდა, ერთ შემთხვევას კი ადამიანის სიცოცხლეც  ემსხვერპლა. ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. ცნობისთვის სანაპიროზე ე.წ. სკუტერების გადაჭარბებული სიჩქარით და დაუდევრად გადაადგილების შემთხვევებს  სოციალურ ქსელში  არაერთი მოქალაქე აპროტესტებს, ავრცელებენ შემთხვევების ვიდეო მასალასაც, ერთერთ კადრში ჩანს რომ სკუტერი მძღოლის გარეშეც გადაადგილდება. 

ვინ აკონტროლებს სანაპიროზე  ე.წ. სკუტერების  დაუდევრად გამოყენებას და რა ზომები განხორციელდება , საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე უწყებას დავუკავშირდით და კომენტარს ველოდებით, მათ შორის სანაპირო დაცვისგანაც. რაც შეეხება ჯარიმებს, ცურვის წესების დარღვევა 300 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი