ბელარუსი აღარ შეაჩერებს მიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცდილობენ შეღწევას. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ სახელმწიფო ტელეარხ "რასია-24"-თან ინტერვიუში განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა და ახლა მინსკისგან ითხოვს, დაიცვას ევროკავშირი ამ მიგრანტების შედინებისგან.
ბელარუსის ლიდერი უარს ამბობს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და აღნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთია , სად წავლენ მიგრანტები, მთავარია, რომ ისინი ბელარუსში არ რჩებიან. 2021 წლიდან პოლონეთი ბელარუსსა და რუსეთს მიგრანტების საზღვარზე გატარებით ქაოსის გავრცელების მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც ვარშავა "ჰიბრიდულ ომს" უწოდებს. მინსკი და მოსკოვი ბრალდებებს უარყოფენ.