ევროსაბჭოს დოკუმენტი, ტალიავინის დასკვნა ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატს, თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა - პრემიერი

15 აგვისტო 2024, 17:41 342 ნახვა
 
 
 
 
ევროსაბჭოს დოკუმენტი, ასევე ტალიავინის დასკვნა უტყუარად ადასტურებს ღალატს, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც, რათა ცხადად აღსრულდეს სამართალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
"რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმები ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადება, რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა ერთხელ და სამუდამოს დაისვენოს ქვეყანამ, ქვეყანა არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ.
 
 
რაც შეეხება თვითონ დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა, როგორც ერთი, ისე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას და ამით აღიარეს ომის დაწყება. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, იქ, როგორც ასეთი, ხელმოწერა ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს და დასკვნებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი ტალიავინის დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, ერთიც და მეორეც – როგორც ევროსაბჭოს დოკუმენტი, ასევე ტალიავინის დასკვნა, არის პირდაპირი მტკიცებულება რომელიც უტყუარად ადასტურებს ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც, რათა ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, 2008 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯა მნიშვნელოვანია პრევენციისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ, ქვეყანა ჩაითრიონ ომში. უკვე ორი წელია, მათ ამის ღია მცდელობა აქვთ, ორ წელიწადზე მეტია, ამას აკეთებენ. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, რომ გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის დანაშაული. იგივე მიმდინარე დანაშაულთან როცა გვაქვს საქმე, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებულ იქნას ანალოგიური დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს და სისრულეში მოიყვანეს 2008 წელს.

ერთი საინტერესო დეტალია, რასაც ალბათ ასევე სჭირდება გამოძიება. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე, დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი დანაშაულის და ამ ღალატის გამო პასუხისმგებლობის, რომ ღალატის შეესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე კონსტიტუციიდან. წარმოიდგინეთ, რამხელა შიში ჰქონდათ იმ ღალატის გამო, რომელიც ჩაიდინეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს დეტალები აუცილებლად გამოსაძიებელია. დანაშაულის გამო ამ პოლიტიკური ძალის დასჯა პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მსგავსი დანაშაული მომავალში არათუ აღარ ჩაიდინონ, მათ ამისი რესურსი არ ექნებათ. არცერთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი ამისთვის მათ მანდატს არ მიანიჭებს. ასეთი დანაშაულის ჩადენა რომც არ გაიფიქრონ, მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნას დანაშაული და დადგეს შესაბამისი სასჯელი ამ პოლიტიკური ძალის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი