ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიდგომაა, რომ საზოგადოებას არაფერი აერთიანებდეს.
"არ მგონია, რომ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები სერიოზული იყოს. გახსოვთ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს არის სპეკულაციები, რომელსაც არ აქვს საფუძველი. ერთადერთი მიზანია, როგორღაც გახლიჩონ ამ ყველაფერში საზოგადოება - არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა. მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში, ომის დაწყების თარიღი აღინიშნებოდა 8 აგვისტოს და ამ თარიღის აღნიშვნა ახლაც ასე გრძელდება. რაც შეეხება ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სპეკულაციები და არასერიოზული, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი.
"რაც შეეხება ომის გამოძიებას და მათ შორის კითხვას, თუ რატომ ახლა – ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. თქვენ იცით, რომ წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც ჩვენთვის იყო უაღრესად პრინციპული გამარჯვება და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ეს პროცესები მოიგო საქართველომ და მოიგო ქართულმა ჯარმა. კერძოდ ჰააგაში და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული. ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით. რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას“, კერძოდ „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამ პოზიციას ეთანხმება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია პრაქტიკულად ამ საკითხის გარშემო წარმართა. ის ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი მათ განაცხადეს და დოკუმენტურადაც დაადასტურეს ის, რომ თავად დაიწყეს ომი, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის დადგენა. ვნახოთ, რას დაადგენს. „ნაცმოძრაობის“ გზავნილები და რუსეთის ხელისუფლების გზავნილები ემთხვევა ერთმანეთს. ორივემ თქვა, რომ 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სამართლებრივი ფორმა შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარია, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული.