გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 178 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოვლენილ ფაქტებს შორის 124 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 51 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 30 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, სამცხე-ჯავახეთში - 18, იმერეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 13, ქვემო ქართლშიც - 13, შიდა ქართლში - 9, გურიაში კი - 1.
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქშიც. ჯამში ამოღებულია 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე"- განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1493 ფაქტი გამოავლინეს.