ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება - ეროვნული ბანკი

06 აგვისტო 2024, 11:02 257 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7164-დან 2.8258-მდე, ანუ 4.0%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 2.9340-დან 3.0421-მდე, ანუ 3.7%-ით გაუფასურდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.8101 და 3.0082 შეადგინა. ივნისში დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.8693 იყო, მინიმალური კი – 2.7914.

„ივნისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები არათანაბრად იყო გადახრილი. ივნისში საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუბლის, გამყარება, ევრო, თურქული ლირა და ლარი გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

 

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.9%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გაუფასურებამ კი 4.9% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 0.3%-ია, თვის ჭრილში გაუფასურება კი 4.0%-ია. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის. სავაჭრო პარტნიორთაგან ივნისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.

მათივე ცნობით, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა. ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო. მათივე ცნობით, მიზნობრივზე დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას ხელს უწყობს ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების ცვლილების ტენდენციები.

"ადგილობრივი ინფლაცია, რომელზეც გავლენას მეტწილად გრძელვადიანი ეკონომიკური ფაქტორები ახდენს, 2024 წლის დასაწყისიდან მიზნობრივ 3%-ზე დაბალი ნარჩუნდება და ივლისში კიდევ მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმპორტირებული ინფლაციის ზრდა განაპირობებს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.1% შეადგინა"- განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20.9%-ით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.0%-ით 28.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი