ჩვენ არ ვართ უცხო სახელმწიფოების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა - შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2024, 19:59 401 ნახვა

ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა, ჩვენს საზოგადოებას უნერგავენ შეგრძნებას, რომ სადღაც ვიღაცამ შეწყვიტა დაფინანსება და ეს რაღაც კატასტროფაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა ეს განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო პერიოდში, რჩება ისეთი აღქმა, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია და ეს არ არის სწორი მიდგომა.

„დღემდე განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს, რა თანხაზეა საუბარი. წარმოდგენა არ მაქვს, რა თანხა არის ეს. ბიუჯეტის თანხა არ არის, ბიუჯეტში ეს თანხა ნამდვილად არ მიდიოდა. საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ვქმნით. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა. ესეც მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებას რომ უნერგავენ შეგრძნებას, რომ სადღაც ვიღაცამ შეწყვიტა დაფინასება და ახლა ეს რაღაც კატასტროფაა. ბიუჯეტთან საერთოდ კავშირი არ აქვს ამ თანხას. რამდენადაც ვიცი, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტში ასეთი თანხა არ არსებობდა. დღემდე განმარტება არ გაკეთებულა, რა თანხაა, რას ეხებოდა და ა.შ. 

 

სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვქმნით დოვლათს და ვავსებთ ბიუჯეტს. სახელმწიფო სწორედ ამ ბიუჯეტით ზრუნავს ყველა იმ წინსვლაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. თუკი რომელიმე უცხო ქვეყანას უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს, მისასალმებელია და ყოველთვის მადლიერები ვართ ნებისმიერი გვერდით დგომისთვის. თუმცა, ბოლო პერიოდში ისეთი აღქმა რჩება, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია. ეს არ არის სწორი მიდგომა, მათ შორის, როცა ვნახეთ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც ჩვენ გადავარჩინეთ ევროკავშირი ცენტრალურ აფრიკაში, ამის შემდეგ ასეთი დამოკიდებულება არის საკვირველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი