პარალიმპიური თამაშები არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი - შალვა პაპუაშვილი

31 ივლისი 2024, 11:43 110 ნახვა

დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და გამძლეობას, რომლებიც მათ გამოიჩინეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიელთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ პარასპორტსმენები უმკლავდებიან ბარიერებს, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და თავიანთი შემართებითა და მონდომებით ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია.

„დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. დღეს ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და გამძლეობას, რომლებიც მათ გამოიჩინეს ამ ძალიან პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

პარალიმპიური თამაშები არ არის უბრალო შეჯიბრება. ეს არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი. ძვირფასო ათლეტებო, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, არამედ მრავალ ადამიანს, რომლებიც აღფრთოვანებული არიან თქვენი უნარებითა და სპორტული სიმარჯვით. თქვენ უმკლავდებით ბარიერებს, ამსხვრევთ სტერეოტიპებს და თქვენი მოტივაციით, შემართებითა და მონდომებით ამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. თქვენი ისტორიები გვაჩვენებს, რას ნიშნავს სპორტული სული და გაუტეხელი ნებისყოფა.

გახსოვდეთ, თქვენ ინკლუზიურობისა და მედეგობის ელჩები ხართ და თქვენი მიღწევების შესახებ ხმა მნიშვნელოვნად გასცდება შეჯიბრების ადგილს. გახსოვდეთ, რომ თქვენი თითოეული წარმატებული მომენტი დიდი შრომისა და თქვენი ოჯახების, მწვრთნელებისა და საზოგადოების მხარდაჭერის დადასტურებაა. მადლობას გიხდით სპორტული ჟინისა და სამაგალითო ბრძოლისუნარიანობისთვის. ამაყად და თავდაჯერებულად გაემგზავრეთ პარიზში. თქვენ მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ, გვჯერა თქვენი, ვამაყობთ თქვენით, მოუთმენლად ველოდებით თქვენს გამარჯვებებს. წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, მედლებით დაბრუნდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში