საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები მოქცეულია რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში, ომი როგორც კი დასრულდება, ურთიერთობების გადასატვირთად სხვა შესაძლებლობები გაჩნდება - პაპუაშვილი

30 ივლისი 2024, 16:16 368 ნახვა

არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მოქცეული არის რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში. იგივე ეხება ევროკავშირსაც და რა თქმა უნდა, ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს, არის გარკვეული მგრძნობელობები სხვადასხვა მხარეს, არის გარკვეული მოლოდინები სხვადასხვა მხარეს და შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ტყვეობაში არის ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება თავად სენატსა და კონგრესში ბოლო პერიოდში მიმდინარე განხილვებს, იმედი აქვს, რომ კონგრესი ან სენატი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გამოიძიებს, რა როლი ჰქონდათ უცხოურ დონორებს 2020 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების ყალბი მონაცემების გავრცელებაში.

„ეს ომი როგორც კი დასრულდება, და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება, რა თქმა უნდა, ამ ტყვეობიდან გათავისუფლებულად უკვე უფრო სხვანაირი შესაძლებლობები გაჩნდება, რათა გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები. რაც შეეხება თავად სენატში და კონგრესში ბოლო პერიოდში მიმდინარე განხილვებს და მე ეს სხვა დროსაც ვთქვი, ჩემი მოლოდინი და იმედი არის, რომ კონგრესი, ან სენატი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გამოიძიებს, თუ რა როლი ჰქონდათ უცხოურ დონორებს 2020 წელს არჩევნების შედეგების ყალბი მონაცემების გავრცელებაში. კიდევ ერთხელ, 2020 წელს, როგორც იცით, ამერიკული დაფინანსების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ი ავრცელებდა პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს და შემდეგ გაირკვა, რომ მისმა დონორმა USAID-მა, რომელიც არ არის ჩვეულებრივი კერძო ფონდი, ის არის სახელმწიფო სააგენტო, გაირკვა, რომ იცოდა ეს ყველაფერი და მალავდა. მათ შორის გვიმალავდა ჩვენც პირადად, როდესაც მათთან შეხვედრები გვქონდა, გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი იყო სწორი, რომ ჩატარდა აუდიტი და არანაირი შეცდომა არ იყო აღმოჩენილი. ამას გვეუბნებოდნენ ჩვენ, ვიდრე საბოლოო ჯამში, ISFED-ს მოუწევდა აღიარება, რომ იყო შეცდომა. მერე აღმოჩნდა, რომ USAID-მა ძალიან კარგად იცოდა, რომ ყალბ მონაცემებს ავრცელებდა ISFED-ი და გვატყუებდა ჩვენ და არ უმხელდა ამას საზოგადოებას. იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ი არის სახელმწიფო ინსტიტუტი და მათ შორის ფიზიკურადაც განთავსებულია აშშ-ის საელჩოში, ისმის კითხვა, იცოდა თუ არა მაშინდელმა ელჩმა იმის შესახებ, რომ პარალელური დათვლის შედეგების ყალბი რიცხვები ვრცელდებოდა და ეს იყო მაშინ არეულობის დაწყების საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ მაშინდელი ელჩი ჩართული იყო, როგორც მედიატორი მხარეებს შორის და ეს ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ელჩმა იცოდა, რომ ტყუილი იყო ის, რაზეც დავობდა ოპოზიცია და ამას არ ეუბნებოდა მხარეებს. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არის ის, რომ კონგრესმა, ან სენატმა გამოიძიოს ეს საკითხი და გაარკვიოს, რა როლი ჰქონდა USAID-ს 2020 წელს საქართველოში არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელების საქმეში. ჩემი მოლოდინია, რომ კონგრესმა ან სენატმა გამოიძიოს, რა როლი ჰქონდა USAID-ს ამ საქმეში, თუ რა როლი ჰქონდა აშშ-ის საელჩოს ზოგიერთ თანამშრომელს ამ საქმეში, რაც შეეხება 2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებას და ამით არეულობის წაქეზებაში და შესაბამისად, თუ გამოჩნდებიან პირები, რომლებიც USAID-ის, თუ სხვა მხრიდან ჩართული იყვნენ ყალბი შედეგების გავრცელებაში, ამ პირების შესაბამისი დასჯა მოხდება იმ მეთოდებით, რომელიც არსებობს ამ შემთხვევაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე კითხვა, აქვს თუ არა სანქციების მოლოდინი „ქართული ოცნების“ მიმართ, პაპუაშვილმა განაცხადა, მოლოდინი აქვს, რომ აშშ-ის სენატსა ან კონგრესში „უპირველეს ყოვლისა, უნდა შეხედონ საკუთარ თვალში დირეს, თუ არის ეს დირე და შემდეგ ეძებონ საქართველოს თვალში ბეწვი“.

„უპირველეს ყოვლისა, ველოდებით პასუხს და მე ამას ვიმეორებ ხოლმე პერიოდულად USAID-თან დაკავშირებით. ხედავთ, რომ არც ერთხელ ამაზე რაიმე გამოხმაურება არ ყოფილა, რადგან აქ მე მაღალი ეჭვი მაქვს, რომ დიდი გადაცდომა იმალება ამ ყველაფრის უკან. მაშინ, ჩვენ ბეწვზე გადავრჩით არეულობას. ახლა ოთხი წელი გავიდა და შეიძლება, თავისუფლად ვუყურებთ, მაგრამ 2020 წელს, თავის დროზე „ქართულ ოცნებასაც“ მაშინ, ბრძნულად და წინდახედულად რომ არ ემოქმედა, იქ ისეთი არეულობა შეიძლება, ყოფილიყო, რომ რა მოხდებოდა შემდეგ, კაციშვილმა არ იცის. ქვეყანას თავდაყირა აყენებდნენ ფაქტობრივად ISFED-ი თავისი ყალბი პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებით და აღმოჩნდა, რომ ამაში დონორიც იყო ჩართული. იგივე ორგანიზაციები დღეს გვეუბნებიან, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები უნდა იყვნენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია გაირკვეს სიმართლე – რა იცოდა USAID-მა და თუ იცოდა, რატომ უმალავდა იმ ქართველ ხალხს, რომელსაც მერე გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული აშშ-ის მხრიდან და თუკი იქნებიან პირები, რომლებსაც მიუძღვით გარკვეული დანაშაული თუ გადაცდომა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში