საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება, ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ პოლიტიკურ თემაზეც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი - პრემიერი

18 ივლისი 2024, 12:25 383 ნახვა
 

ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის პოლიტიკურ თემაზეც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

"დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა და, რა თქმა უნდა, გავუზიარებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს, როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება, სწორედ ამ კუთხით, დაკავშირებადობის კუთხით და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან.

 

ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი. კოლეგებთან საუბრის საშუალება ჩვენ მათ შორის ორმხრივ ფორმატში გვექნება, ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის პოლიტიკურ თემებზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი