კულტურის მინისტრმა სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გამართა

07 ივლისი 2024, 16:22 388 ნახვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ქუთაისში იმყოფებოდა. მინისტრმა ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გამართა კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, სახელმწიფო თეატრების დირექტორები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და განიხილეს თეატრების სამომავლო განვითარების გეგმები, პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. თეა წულუკიანმა უშუალოდ სამხატვრო ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ თეატრში არსებული მდგომარეობის შესახებ და კვლავ მხარდაჭერა აღუთქვა თეატრალურ სფეროს.

"სამუშაო შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო თეატრების შემოსავლების გაზრდის აუცილებლობის შესახებ 2025 წლიდან.

თეა წულუკიანმა ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე მასშტაბური ქართული ფესტივალის შესახებაც ისაუბრა, წლევანდელ საფესტივალო პროგრამაში მონაწილე თეატრების აქტივობები მიმოიხილა და განვლილი საფესტივალო კვირების მონაწილეთაგან შთაბეჭდილებები მოისმინა. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები და ახალი იდეებიც გაჟღერდა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და გასცნობოდნენ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მასშტაბური რეაბილიტაციის განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს. აღნიშნული რეაბილიტაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს, რაც ქუთაისის ოპერის აღორძინებასა და განვითარებას ემსახურება.

ოპერის აღდგენის ფარგლებში უკვე დასრულებულია: სადემონტაჟო და გადახურვის სამუშაოები; წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიის, სუსტი დენების, გარე და შიდა კანალიზაციის, გახმოვანების, სახანძრო ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების პირველადი მონტაჟი.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს რეაბილიტაციის შემდეგ გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძის, შექმნილი ფარდა დაამშვენებს, რომელიც უკვე მზადდება.

ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს: გათბობა-გაგრილების დანადგარების მონტაჟი და ტესტირების პროცესი; შიდა კედლების გამაგრება და დამუშავება; იატაკის მოწყობა; სახანძრო რეზერვუარის მშენებლობა; მიმდინარეობს სცენის კონსტრუქციების გეოლოგიური კვლევა; რესტავრაცია უტარდება დარბაზის სკამებს. ასევე მიმდინარეობს სხვა კოსმეტიკური სამუშაოები.

შეგახსენებთ: კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის 2021 წლის 15 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში ვიზიტისას გამოიკვეთა შენობის რეაბილიტაციის საჭიროება. პროექტის მოსამზადებლად კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა თეატრის შენობის ძირეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. კვლევა მოიცავდა არქიტექტურულ, კონსტრუქციულ, საინჟინრო, ინტერიერის დიზაინისა და სხვა ნაწილებს. რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2022 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა. 2022 წლის თებერვალში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა, ქუთაისის ოპერის სარემონტო სამუშაოებს კი კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ასრულებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თეატრში 2025 წლის დასაწყისში დასრულდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი