პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას, შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა გადანაწილდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებზე, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებაზე.
„რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა გადანაწილდება არსებითად ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა ასევე რეგიონული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად ზრდის დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი“, - განაცხადა პრემიერმა.
ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული.
„რაც შეეხება შეკითხვას რისკებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ანალიზი გავაკეთოთ, რა მოლოდინები შეიძლება იყოს მას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით, რა მასშტაბით და როგორ იქნება, თუ ასეთი ტიპის შეზღუდვები საერთოდ დაწესდა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ის წარდგენილი ვარიანტი, რომელიც გულისხმობს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი შეფასებიდან და გადმოსახედიდან ამ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
თუმცა, ბუნებრივია, მას შემდეგ რაც თუ რაიმე სხვა, ახალი ინფორმაცია გვექნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამის ანალიზსაც გავაკეთებთ და თითოეული მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. თუმცა, ამ ეტაპზე, დღეს არსებული მდგომარეობით, არსებული ინფორმაციით, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ ემუქრება“,-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.