თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

14 ივნისი 2024, 14:01 466 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას რეგიონში ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.

"2023 წელი იყო უპრეცენდენტო, 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ეროვნულ დონეზე და აჭარას ამ საერთო პროპორციაში მესამედზე მეტი კონტრიბუცია აქვს. ბუნებრივია ეს შემოსავლები აისახა აჭარის მოსახლეობაზე. ტურიზმის განვითარება მრავალი კომპონენტისგან შედგება. არც ერთ დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს ადგილები სადაც არ იქნება ძირითადი ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, სწორი მარკეტინგული კამპანია, დივერსიფიცირებული ბაზრები და ის ძირითადი კავშირები, რომლითაც ტურისტები შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას. გაზრდილია როგორც ფრენების რაოდენობა, ასევე ტრაფიკი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების ზრდისთვის. მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ აჭარაში განხორციელდეს არანაკლებ 6 მლნ ვიზიტი"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მომავალი წლისთვის იგეგმება, რომ ნაერთმა ბიუჯეტმა გადააჭარბოს მილიარდ ლარს.

"მსურს ასევე შევეხო ბიუჯეტს და ზრდის დინამიკას. 2018 წელს ბიუჯეტი გახლდათ დაახლოებით 330 მილიონი ლარი და დღეის მდგომარეობით 750 მილიონ ლარს გადააჭარბა. მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ ნაერთმა ბიუჯეტმა გადააჭარბოს მილიარდ ლარს, რაც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის,  ასევე პროექტების და პროგრამების გაფართოების კუთხით.

 

რაც შეეხება  ბიუჯეტის შესრულებას, შემოსავლებმა გადააჭარბა 100%-იან ნიშნულს. უფრო კონკრეტულად, ბიუჯეტის შესრულლება 102.4%-ია. ასევე გეგმის შესაბამისად შესრულების კუთხით გვაქვს კარგი შედეგები"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, რესპუბლიკის ბიუჯეტიდან აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების დახმარება. ასევე აღნიშნა, რომ კაპიტალური ტრანსფერების რაოდენობამ წელს 206 მლნ ლარს  გადააჭარბა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ ღირსებით, სუვერენიტეტით შეძლოს საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევისა.

მან თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა.

„მინდა, მოგილოცოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მან წარმატებები უსურვა ევროპის ჩემპიონატზე ქართველ ფეხბურთელებსაც, რომლებმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გადალახეს.

დღევანდელ სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში